საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია კოვიდპანდემიის გავლენა საქართველოზე: გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები 15-16 თებერვალი, 2024

კონფერენციის მიზანია, ერთიანი სახე მისცეს სამეცნიერო ცოდნას კოვიდპანდემიის შესახებ, განიხილოს მისი სოციალური და კულტურული ასპექტები ქართული საზოგადოების მაგალითზე. პანდემიის კვლევა მოიცავს ქართული საზოგადოებისათვის იმ არსებითი საკითხების გამოყოფას, რომელიც ყველაზე მეტად მგრძნობიარე აღმოჩნდა ცვლილებების მიმართ. ერთ-ერთი ასეთია ფიზიკური დისტანციის დაცვის აუცილებლობა, რამაც მთლიანობაში შეზღუდა ტრადიციული შეკრების ყველა შესაძლებლობა. სივრცითი დისტანცია ყველა კულტურაში განსხვავებულია და საზოგადოების სოციალური სტრუქტურებისა თუ მისი იერარქიის თავისებურებებს, ნათესაურ სისტემებსა თუ ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. კონფერენციის მიზანია პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ როგორ მოხდა ურთიერთობების ჩანაცვლება პანდემიის პირობებში, რა ალტერნატიული გზები და ხერხები გამოიძებნა ერთობის დემონსტრირებისათვის, რაც იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის წარმომადგენლებს. სამეცნიერო ღონისძიება უმასპინძლებს ამ საკითხებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება ფილმის ჩვენება-განხილვა; საჯარო დისკუსიის ფორმატში მოხდება თემატური საკითხებზე მსჯელობა, როგორებიცაა: კოვიდპანდემიის გავლენა განათლების სისტემაზე; ფიზიკური და ვირტუალური სივრცეების გადაკვეთა და გამოწვევები; კოვიდ პანდემიის გლობალური და ლოკალური თავისებურებები. კონფერენციას ეყოლება პანელური მომხსენებლები.

კონფერენციის საერთო მიზანია ლოკალური ცოდნისა და გამოცდილების ჩართვა გლობალურ კონტექსტში.

                                                                                            

კონფერენციის სამუშაო თემები და სექციები:

კოვიდპანდემია და სასწავლო პროცესი საქართველო/მსოფლიო

კოვიდპანდემია და უმცირესობები

კოვიდპანდემია და სივრცეების წარმოება

კოვიდპანდემია და ციფრული კვლევები

კოვიდპანდემია და ღირებულებითი ორიენტაციები

კოვიდპანდემია და ტრადიციების გადააზრება

კოვიდპანდემიის ყოველდღიურობა

კოვიდპანდემია და ხელოვნების დარგები

გთხოვთ, კონფერენციის თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 10 იანვრისა.

თეზისები უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: covidanthropology@tsu.ge

თეზისები შეირჩევა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის მიერ. კონფერენციის დაწყებამდე წარმოდგენილ უნდა იქნას მოხსენებების სრული ტექსტები.

კონფერენცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 1

თარიღი: 13/11/2023